მთავარი » ფაილები » ახალი ამბები

მეხუთე ტურის მიმოხილვა
2010-06-01, 01:39

"სანტოსის” დამარცხებით "კორინთიანსმა” ლიდერობის შენარჩუნება მოახერხა. ახლა ხუთი თამაშიდან "ტიმაოს” 13 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "სეარას” ორი, ხოლო "ფლუმინენსეს” ოთხი პუნქტით უსწრებს. 8 ქულა ერთბაშად 6 გუნდმა დააგროვა - "ავაიმ”, "ბოტაფოგომ”, "სან პაულუმ”, "პალმეირასმა”, "სანტოსმა” და "კრუზეირომ”. კლასიკურ რიოულ დერბიში, როგორც მას ბრაზილიაში ეძახიან, "ბოტაფოგომ” და "ვასკო და გამამ” ერთ-ერთი გოლი გაუტანეს ერთურთს და მშვიდობიანად გაიყარნენ. თავიდან ერნანის ზუსუტი დარტყმით "ვასკო” დაწინაურდა, მაგრამ პირობითმა სტუმრებმა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება დიდი ხნით ვერ მოახერხეს და არგენტინელმა, ხერმან ერერამ პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა მალევე აღადგინა. იგივე შედეგი დაფიქსირდა "მარაკანაზე”, სადაც ჩემპიონმა "ფლამენგომ” "გრემიოს” უმასპინძლა. მიმდინარე სეზონში პირველი ბურთი შეაგდო "ფლას” სერბმა ნახევარმცველმა, დეიან პეტკოვიჩმა, მაგრამ მისმა გოლმა "სახალხო გუნდს” ვერ მოაგებინა.მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ბევრი "სანტოსს” ჩემპიონობისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდა. მართლაც, "თევზებს” ისეთი თავდამსხმელები ჰყავთ, რომ არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში, არამედ ევროპაშიც ბევრი გრანდი ინატრებდა. ანდრეს, განსოს, ნეიმარისა და რობინიოს შეჩერება ნებისმიერი კლუბის დაცვისთვის ურთულესი ამოცანა იქნება, თუმცა კვირას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კარგი უკანახაზელების გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. გარდა ამისა, დორივალ ჟუნიორის გუნდს ნაკრებში გამოძახებული რობინიო აკლდა და ამ ფაქტორმაც მნიშვნელოვნად შეასუსტა "სანტოსის” შემტევი პოტენციალი. სამაგიეროდ, კვლავ რონალდოს გარეშე მოასპარეზე "კორინთიანსს” თავდასხმაში არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მოულოდნელად, მანო მენეზეშმა შემტევი ტაქტიკა აირჩია და მასპინძლები პირველივე წუთებიდან ეკვეთნენ ფელიპეს კარს. მოედნის ცენტრში ბრუნო სესარი, დანილო, დენტინიო და ჟორჟე ენრიკე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ბურთის მიღებისა და გათამაშების საშუალებას არ აძლევდნენ და ასეთმა პრესინგმა შედეგი ძალიან სწრაფად გამოიღო. ბრუნო სესარმა შორი მანძილიდან "გაისროლა”, მეკარემ ბურთი ცხვირწინ მოიგერია და დამატებაზე ყველას ენრიკემ დაასწრო, რომელმაც ერთი შეხებით აიღო სტუმართა კარი. "სანტოსი” კი ცდილობდა სახიფათო იერიშების ორგანიზებას, მაგრამ "ტიმაოს” მცველები მათ საჯარიმოსთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევდნენ. ტაიმის მიწურულს მასპინძლებიც დაიღალნენ და ნეიმარმა და კამპანიამ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის შექმნა მოახერხეს, მაგრამ ხან მცველები და მეკარე იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და ხანაც თავად "თევზები” სცოდავდნენ. საბოლოოდ, სტუმართა მცდელობებმა შედეგი გამოიღეს, მარკინიოსმა ჭკვიანური გადაცემით ანდრე გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, რომელმაც "ტიმაოს” კიპერს შორეულ კუთხეში აუღებელი შეუმსერა. თუმცა, "სანტოსის” ფეხბურთელების სიხარული ძალზედ ხანმოკლე გამოდგა. ამის შემდეგ ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ეს "კორინთიანსი” გახლდათ. ჟუსილეის ჩაწოდების მერე ედუ დრასენამ ბურთი უხეიროდ მოიგერია, ბრუნო სესარი კარის წინ მარტოდ მარტო დარჩა და ცაციათი თავისიანები კიდევ ერთხელ დააწინაურა. როგორც აღმოჩნდა, ამ გოლმა სტუმრები საბოლოოდ გატეხა. ჯერ რალფმა გაილაღა, ცრუ მოძრაობით მეურვე ჩამოიცილა, საჯარიმოში შევიდა და სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო შემდეგ რობერტო კარლოსმა გაიხსენა ახალგაზრდობა, მარცხენა ფლანგიდან შეტევაში ჩაერთო და ბურთი შეცვლაზე შესულ პაულინიოს თავზე დაასვა, ვისაც მეოთხე გოლის გატანაში ხელი ვერავინ შეუშალა. ერთადერთი, რაც "თევზებმა” შეძლეს, 87-ე წუთზე მარსელის ზუსტი თავური გახლდათ, მაგრამ ამან სტუმრებს ვერაფრით უშველა. "უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო. მართალია, "სანტოსზე” უფრო დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ "კორინთიანსმა” დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ძალუძს. ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც მანომ გვთხოვა, მშვიდად და მარტივად და შედეგიც სახეზეა. გავიგე, რომ "ინტერმაც” დიდი ანგარიშით მოუგო მოწინააღმდეგეს და მომავალ ტურში ჩვენი დაპირისპირება ორმაგად უფრო საინტერესო იქნება,” - განაცხადა გახარებულმა კარლოსმა.

"კორინთიანსისა” და "ინტერნასიონალეს” გარდა, დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა "ფლუმინენსემაც”, რომლის მეტოქე ბრაზილიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი "ატლეტიკო მინეირო” გახლდათ. ეს მატჩი იმითაც იყო საინტერესო და გამორჩეული, რომ ერთმანეთის პირისპირ ბრაზილიის ყველაზე ცნობილი მწვრთნელები, ვანდერლეი ლუშემბურგო და მიურისი რამალიო წარსდგნენ. მთელი 90 წუთის განმავლობაში "ფლუ” ბევრად უფრო აქტიური გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს, გულშემატკივრებს ერთი წამითაც არ შეპარვიათ ეჭვი, რომ სტუმრები მდგომარეობის გამოსწორებას მოახერხებდნენ. ანგარიში კი მე-2 წუთზე გაიხსნა, როდესაც "მინეიროს” მარჯვენა მცველმა, კოელიომ ფლანგზე რიკარდინიოსთან გაითამაშა "კედელი” და საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც ყველას მურიკიმ დაასწრო და ცარიელი კარი დალაშქრა. ამის მერე კი მარტო "ფლუმინენსე” უტევდა და მათ მეკარეს, რაფაელს, ფაქტიურად, საქმე აღარ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ჟუნიორის შორეულ დარტყმულს. მოსახდენი კი მეორე ტაიმში მაინც მოხდა. ლუშემბურგომ დაცვის გაძლიერების მიზნით ხსენებული ჟუნიორი დიეგო მაჩედოთი შეცვალა, ხოლო რამალიომ როდრიგინიოს ნაცვლად ალანი შეუშვა, რითაც "ბურჟუების” იერიშები კიდევ უფრო გამწვავდა. 61-ე წუთზე მარკინიომ კუთხურიდან გუმს უპასა ზუსტად და ტანმაღალმა ცენტრალურმა მცველმა უპრობლემოდ შეუგდო მარსელოს. მომდევნო შეტევისას კი ფრედმა ალანი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე და ამ უკანასკნელმა ბოძებული შანსი ხელიდან არ გაუშვა. "ატლეტიკოს” წვალებას საბოლოო წერტილი კი "ფლუმინენსეს” კაპიტანმა დაუსვა. დამატებით დროში ისევ და ისევ ალანი-ფრედის დუეტმა შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელა და "ლიონის” ექს-ფორვარდს თავის გამოჩენა არ გასჭირვებია. "ჩვენ საჩემპიონო გუნდს ვაშენებთ, სადაც გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ და რომლებსაც "კორინთიანსისა” და "მინეიროს” დონის კლუბებთან გასვლაზე ტოლ-სწორად შეუძლია ბურთაობა. ვაცნობიერებთ რა სირთულეებს, მათ აღმოფხვრას ვცდილობთ. მთავარი პრობლება მატჩის დებიუტში გაშვებული გოლებია. მეტოქეს ძალიან დიდ სივრცეს ვუთავისუფლებთ, რისთვისაც ვისჯებით, მაგრამ შემდეგ მდგომარეობის გამოსწორებას მაინც ვახერხებთ. ყველას ვულოცავ "ატლეტიკოსთან” ამ ბრწყინვალე მოგებას!”- აღნიშნა გახარებულმა ფრედმა.

V ტური
ავაი - ვიტორია 0:0

ფლამენგო - გრემიო 1:1
გოლები: პეტკოვიჩი, 7 (1:0). როდრიგო, 51 (1:1).

პალმეირასი - პრუდენტე 0:0

ატლეტიკო მინ. - ფლუმინენსე 1:3
გოლები: მურიკი, 2 (1:0). გუმი, 61 (1:1). ალანი, 63 (1:2). ფრედი, 90 (1:3).

კორინთიანსი - სანტოსი 4:2
გოლები: ჟორჟე ენრიკე, 2 (1:0). ანდრე, 53 (1:1). სესარი, 54 (2:1). რალფი, 66 (3:1). პაულინიო, 84 (4:1). მარსელი, 87 (4:2).

გუარანი - სან პაულუ 0:0

ინტერი - ატლეტიკო პარ. 4:1
გოლები: ვალტერი, 49 (1:0). სორონდო, 52 (2:0). ანდრეზინიო, 56 (3:0). ალეშანდრო, 76 (4:0). მანოელი, 84 (4:1).
გაძევება: ვალენსია, 61 (ა).

გოიანენსე - გოიასი 1:3
გოლები: ელიასი, 13-პენ. (1:0). რომერიტო, 25 (1:1); 55 (1:2). ბერნარდო, 70 (1:3).
გაძევება: ფელიპე, 90 (გოიან.).

ბოტაფოგო - ვასკო 1:1
გოლები: ერნანი, 26 (0:1). ერერა, 34-პენ. (1:1).

სეარა - კრუზეირო 1:0
გოლი: ლოპესი, 39.
გაძევება: პაულისტა, 80 (კ).

ბომბარდირები
მურიკი (ატლეტიკო მინ.), როჟერი (გუარანი) - 4.
რობერტო (ავაი), ანდრე (სანტოსი), ვაგნერ ლავი (ფლამენგო), შვენკი (ვიტორია), ჟონასი (გრემიო), ანტონიო კარლოსი (ბოტაფოგო), ერერა (ბოტაფოგო), ემერსონი (ავაი), რიკარდინიო (ატლეტიკო მინ.), ნეიმარი (სანტოსი), ანდრეზინიო (ინტერი) - 3.

მომდევნო ტური
2 ივნისი. ატლეტიკო პარ. - ბოტაფოგო, ფლუმინენსე - ვიტორია, პრუდენტე - გოიანენსე.
3 ივნისი. სეარა - ავაი, კრუზეირო - სანტოსი, გოიასი - სან პაულუ, პალმეირასი - ფლამენგო.
4 ივნისი. კორინთიანსი - ინტერი, გრემიო - ატლეტიკო მინ., ვასკო - გუარანი.

© 11X11

კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: ronaldo
ნანახია: 818 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0
2 David_Pipo • 15:58, 2010-06-01
stars2 stars2 stars2 stars2 stars2
avatar
0
1 DoDiKa • 13:23, 2010-06-01
stars2
ComForm">
avatar