მთავარი » ფაილები » ახალი ამბები

მესამე ტურის მიმოხილვა
2010-05-25, 10:54
მესამე ტურის შემდეგ ბრაზილიის პირველობას 100%-იანი შედეგით კვლავაც "კორინთიანსი” ლიდერობს, რომელმაც ამ უქმეებზე ჩიკაოს კინკილა გოლით "ფლუმინენსეს” დამარცხება მოახერხა. ბოლოადგილოსან "გოიასთან” სამი ქულის აღება გაუჭირდა "ბოტაფოგოს”. მართალია, რიოელებმა სამჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი, საკუთარში კი ერთი გოლიც არ მიუღიათ, მაგრამ მსაჯმა "ბოტას” ორი ფეხბურთელი გაუგდო და სტუმრებს ცოტა რომ გამართლებოდათ, შეხვედრაში გარდატეხის შეტანას მოახერხებდნენ. ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი კი პორტუ-ალეგრიში გაიმართა, სადაც ადგილობრივ "ინტერს” "სან პაულუ” ესტუმრა. მასპინძლებმა, რომლებმაც გასულ კვირას ლიბერტადორესის თასის 1/4-ფინალიდან ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული არგენტინული "ესტუდიანტესი” გამოაგდეს, თამაში უფრო აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც შექმნეს, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ სტუმართა ვეტერანი კიპერი როჟერიო სენი, რომელმაც ნამდვილი ბენეფისი მოიწყო და არაერთი "მკვდარი” ბურთი გამოაძრო. ანგარიში კი "ინტერის” ასევე გამოცდილი მეკარის, რობერტო "პატო” აბონდანსიერის შეცდომის შედეგად გაიხსნა. დაგობერტოს წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა ერნანესმა შეასრულა, პირველი დარტყმული ცოცხალ კედელს მოხვდა, მაგრამ დამატებაზე ყველას ისევ "სან პაულუს” ახალგაზრდა ნახევარმცველმა დაასწრო და საკმაოდ შორი მანძილიდან არცთუ ისე ძლიერად დაარტყა, მაგრამ არგენტინელმა კარის დარაჯმა რეაგირება მაინც ვერ მოასწრო. ამის შემდეგ კი უპირატესობას უკვე რიკარდო გომეშის შეგირდები დაეუფლნენ, მაგრამ სტუმრები დამაგვირგვინებელ ფაზაში ბევრს სცოდავდნენ. ასე გრძელდებოდა 61-ე წუთამდე, სანამ ისევ და ისევ დაგობერტო-ერნანესის გათამაშებული კომბინაცია ფერნანდაომ ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლით არ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების დაპირისპირება ამით არ დასრულებულა. "ინტერი” და "სან პაულუ” ლიბერტადორესის ნახევარფინალშიც შეხვდებიან ერთმანეთს და ორმატჩიან დუელში გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას. 


"პაკაემბუზე” შეკრებილმა 30 ათასმა გულშემატკივარმა კი მიმდინარე სეზონში თავისი საყვარელი გუნდის ზედიზედ მესამე გამარჯვება იხილა. "კორინთიანსი” ერთადერთი კლუბია, რომელსაც ყველა მატჩი მოგებული აქვს და სატურნირო ცხრილს დამსახურებულად ლიდერობს. მეორე ადგილს კი ერთბაშად ოთხი გუნდი, "ავაი”, "ბოტაფოგო”, "პალმეირასი” და "სეარა” იყოფენ. "ტიმაოს” ტრავმირებული რონალდოს გარეშე, რომელსაც ისევ კუნთი აწუხებს, "ფლუმინენსესთან” გამარჯვება ძალიან გაუჭირდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად მათ მსაჯიც წაეხმარათ. მასპინძლებმა დაწინაურება მე-11 წუთზე შეძლეს, როდესაც მცველმა, ანდერსონ ჩიკაომ საჯარიმო დარტყმიდან რაფაელს მარცხენა დაბალ კუთხეში შეუმსერა. ამ სეზონში პირველად ასპარეზობდა "ფლუს” ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანი ფრედი, ვინაც თანაგუნდელებს შორის ყველაზე აქტიური გახლდათ. სწორედ მას გაუუქმა რეფერიმ მეტად საეჭვოდ ორი გოლი. გარდა ამისა, გვერდითმა არბიტრმა რამდენიმე ეპიზოდში საკამათო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რამაც სტუმართა თავკაცის, მიურისი რამალიოს სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. საქმე კინაღამ მწვრთნელების ჩხუბამდეც კი მივიდა, მაგრამ, საბედნიეროდ, რამალიო და მანო მენეზეში მხოლოდ სიტყვიერი წაკინკლავებით შემოიფარგლნენ. ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი ეპიზოდი გახლდათ, როდესაც ფრედი მეკარესთან პირისპირ გავიდა, ფელიპეც მოატყუა და კიპერი იძულებული იყო წესები დაერღვია. თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა, ლეონარდო გასიბა და სილვამ პენალტი დანიშნა და "ტიმაოს” კარის დარაჯს ყვითელი უჩვენა, თუმცა, მოულოდნელად, გვერდითმა არბიტრმა ალამი აღმართა და ფრედზე ოფსაიდი დააფიქსირა.
შაბათს ბრაზილიის ოთხგზის ჩემპიონმა "პალმეირასმა” "გრემიო” 4:2-ზე დაამარცხა. "მწვანე ყვავებმა” მშობლიურ "პალესტრა იტალიაზე” 2012 წლამდე ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარეს, რადგან კლუბის ხელმძღვანელობამ არენის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა. განახლებული სტადიონი 45 000-ის ნაცვლად 30 ათას მაყურებელს დაიტევს. მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილია მასპინძლობს და შემდეგი მუნდიალისთვის იტალიის ნაკრები სწორედ ამ არენაზე მოემზადება. რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ აპენინელი ემიგრანტების მიერ გახლავთ დაფინანსებული, რომლებთანაც "პალმეირასის” შეფობას დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. ბელუ ორიზონტეში კი მოიგო ვანდერლეი ლუშემბურგოს გაწვრთნილმა "ატლეტიკო მინეირომ”, რომელმაც თანამოსახელე "ატლეტიკო პარანაენსე” 3:1-ზე დაამარცხა.
დაბოლოს, ჩემპიონ "ფლამენგოზეც” მოგახსენებთ. ტრავმირებული ადრიანოსა და დეიან პეტკოვიჩის გარეშე მოთამაშე "სახალხო გუნდმა” ამ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, დაამარცხა რა "პრუდენტე”. შეხვედრის გმირი ცსკა-დან ივლისის ბოლომდე არენდით აყვანილი თავდამსხმელი ვაგნერ ლავი გახდა, რომელმაც ორი პენალტი შეაგდო და დუბლი შეასრულა. ამჯერად წითელთმიანი ფორვარდი ნამატჩევს ისეთი გახარებული გახლდათ, რომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში "მენგოში” დიდი ხნით დარჩენის სურვილი გამოთქვა: "ბოლომდე ვიბრძოლებ. ყველაფერი მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, დღესვე გავაფორმებდი "ფლამენგოსთან” გრძელვადიან ხელშეკრულებას. ცსკა-სთან შეთანხმება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია”. თუმცა, ჩემპიონების გულშემატკივრებს სიხარულის საბაბი ნაკლებად აქვთ. გუშინ "გლობოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ადრიანო, რომელმაც "ფლაში” 47 შეხვედრაში 35 გოლის გატანა მოახერხა, "რომას” ღირსებას დაიცავს. ამავე გამოცემის მტკიცებით, "იმპერატორმა” უკვე უთხრა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს გადაწყვეტილების შესახებ და ივნისის დასაწყისისთვის თვითმფრინავის ბილეთიც კი აქვს დაჯავშნული, რომლითაც იტალიის დედაქალაქში ჩაფრინდება და "მგლებთან” კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო შემდეგ მცირე არდადეგებსაც მოიწყობს. მართალია, "ფლას” პრეზიდენტი პატრისია ამორიმი მის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ თავდამსხმელმა ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რომელსაც ყავლი 30 მაისს გასდის, კატეგორიული უარი განაცხადა. მეტიც, ტრავმის მომიზეზებით ადრიანო ბრაზილიის ჩემპიონატის მომდევნო ტურშიც არ აპირებს ბურთაობას, მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელების ბევრი ხვეწნა-მუდარისა. შეგახსენებთ, რომ "იმპერატორი” უკვე თამაშობდა იტალიის ჩემპიონატში, სადაც "ფიორენტინას”, "პარმასა” და "ინტერის” ღირსებას იცავდა. 2009 წელს ფეხბურთელმა მოულოდნელად კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება და ნერიაძურისთან კონტრაქტი გაწყვიტა, მაგრამ ადრიმ ფეხბურთზე უარი მხოლოდ რამდენიმე კვირით თქვა, რის შემდეგაც "მენგოში” ჩაირიცხა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჭირვეული თავდამსხმელი ნელ-ნელა ძველ ფორმას იბრუნებდა და გასულ სეზონში ბრაზილიის ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა, მაგრამ კლუბის ახალ პრეზიდენტთან, ქალბატონ ამორიმთან "იმპერატორმა” საერთო ენა ვერაფრით გამონახა. როგორც ამბობენ, მის გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა მწვრთნელის, ჟორჟე ლუის ანდრადესა და მისი თანაშემწის, მარკუშ ბრაზის გათავისუფლებამ იქონია, რომლებმაც შარშან გუნდს ოქროს მედლები მოაპოვებინეს.

ბოტაფოგო - გოიასი 3:0
გოლები: ფლავიო, 41. სომალია, 42. ერერა, 72.
გაძევებები: ფაბიო, 43 (გ). კორეა, 84 (ბ). ერერა, 84 (ბ). საჩი, 88 (გ).

გოიანენსე - სანტოსი 1:2
გოლები: უესლი, 65 (0:1). ზე ედუარდო, 72 (0:2). ბოკა, 87 (1:2).
გაძევება: აგენორი, 85 (გ).

პალმეირასი - გრემიო 4:2
გოლები: ევერტონი, 15 (1:0); 29 (2:0). ჟონასი, 31 (2:1). უგო, 48 (2:2). რამოსი, 61 (3:2). შავიერი, 70 (4:2).
გაძევებები: ასუნსაო, 45 (პ). დუგლასი, 45 (გ).

ატლეტიკო მინ. - ატლეტიკო პარ. 3:1
გოლები: მურიკი, 56 (1:0). ტარდელი, 58 (2:0). რიკარდინიო, 73 (3:0). მინეირო, 83 (3:1).

სეარა - ვიტორია 1:0
გოლი: ვაშინგტონი, 90.
გაძევებები: ელენო, 33 (ს). ლუის ჟუნიორი, 33 (ვ).

კორინთიანსი - ფლუმინენსე 1:0
გოლი: ჩიკაო, 11.

ინტერი - სან პაულუ 0:2
გოლები: ერნანესი, 37. ფერნანდაო, 61.

ავაი - ვასკო 2:0
გოლები: რობერტო, 28. რობსონი, 90.

ფლამენგო - პრუდენტე 3:1
გოლები: ვაგნერ ლავი, 45-პენ. (1:0). ვანდერლეი, 49 (1:1). ჟუან ჟუნიორი, 87 (2:1). ვაგნერ ლავი, 90-პენ. (3:1).

გუარანი - კრუზეირო 2:2
გოლები: როჟერი, 11 (1:0); 31 (2:0). ჟილი, 52 (2:1). მენდეში, 76 (2:2).

ბომბარდირები
როჟერი (გუარანი) - 4.
ვაგნერ ლავი (ფლამენგო), ემერსონი (ავაი), ანტონიო კარლოსი (ბოტაფოგო), რობერტო (ავაი), მურიკი (ატლეტიკო მინ.) - 3.

მომდევნო ტური.
26 მაისი. ფლუმინენსე - ფლამენგო, გრემიო - ავაი, ვიტორია - ატლეტიკო მინ.
27 მაისი. სან პაულუ - პალმეირასი, კრუზეირო - ბოტაფოგო, სანტოსი - გუარანი, პრუდენტე - კორინთიანსი.
28 მაისი. ატლეტიკო პარ. - გოიანენსე, გოიასი - სეარა, ვასკო - ინტერი.


კორინთიანსი 3 3 0 0 5-2 9
ავაი 3 2 1 0 10-3 7
ბოტაფოგო 3 2 1 0 8-4 7
პალმეირასი 3 2 1 0 5-2 7
სეარა 3 2 1 0 3-1 7
ატლეტიკო მინ. 3 2 0 1 5-6 6
ფლამენგო 3 1 2 0 5-3 5
კრუზეირო 3 1 2 0 6-5 5
სანტოსი 3 1 2 0 6-5 5
გუარანი 3 1 2 0 5-4 5
სან პაულუ 3 1 1 1 4-3 4
ფლუმინენსე 3 1 0 2 1-2 3
ინტერი 3 1 0 2 4-6 3
პრუდენტე 3 1 0 2 6-9 3
გოიანენსე 3 0 1 2 1-3 1
ვიტორია 3 0 1 2 1-3 1
ატლეტიკო პარ. 3 0 1 2 4-7 1
გრემიო 3 0 1 2 3-6 1
ვასკო 3 0 1 2 1-4 1
გოიასი 3 0 0 3 2-7 0



 © 11X11
კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: ronaldo
ნანახია: 778 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
avatar
0
5 ronaldao • 16:11, 2010-05-28
1966_ის მუნდიალიდან საუკეთესოებს ირჩევენ.....
შენ თვითონ წაიკითხე თუ გინდა აი ამით http://translate.google.ru/#es|ru|
avatar
0
4 nikaR9 • 10:42, 2010-05-28
გამოკითხვა რაშია?
avatar
0
3 ronaldao • 22:27, 2010-05-25
საღოლ ბევრი გიმუშავია !
avatar
0
2 DoDiKa • 14:04, 2010-05-25
ცოტა ლამაზად გაგეკეთებინა რა მოგება წაგება ფრე სულ გოლები და ა. შ
avatar
0
1 nikaR9 • 12:28, 2010-05-25
კაია ერთპიროვნული ლიდერია კორინთიანსი
ComForm">
avatar